Short-Story.blog

Those stories are completely true…except for all of the parts that aren't


ნაყინი

იმ ყველაფერთან ერთად, რაც ისედაც მაწუხებს, ახლა გულიც დავკარგე. 

აღარ არის, გაქრა. ეს საერთოდ უკეთესია ვიდრე მტკიოდეს, მაგრამ არც ცარიელი ადგილის შეგრძნება მახარებს. 

ვგრძნობ, რაღაც იყო და აღარ არის. დავწექი, თავს დავაძალე, იტირე მეთქი, იქნებ გამოჩნდეს, მომაწვეს, კედლებში ვერ ჩაეტიოს და ცრემლებით დაიჩუტოს მეთქი, მაგრამ არ ქნა. არ ვიცი, რატომ. 

მეზარება ახლა დაგუგვლა, ეს გლოვის რომელიმე სტადიაა თუ გადაღლილობის, თუ გლოვის, თუ გადაღლილიბის. 

მაგრამ როგორც არის – დავდივარ ამ ცარიელ კედლებში, ვეძებ და არ მპასუხობს. დიდი სივრცეა, არ ვიცი რამ უნდა ამოავსოს, ვითომ ერთი გამოძინება ეყოფა? 

არა, ერთი რას უშველის –  პირდაპირ ორზე დავგეგმე. 

მაგრამ არც ეს გეგმები არ მუშაობს, მანამდე კალენდარში ჩავინიშნე და ახლა შევამოწმე. ზუსტად დღეს უკვე უწევდა, რომ კარგად მეგრძნო თავი, არადა აგერ დღეს ასე ვარ –  გული დავკარგე. 

იქნებ ეს ყველაზე კრიტიკული ეპიზოდია და მერე ნელნელა დაბრუნდება? 

არ ვიცი, არ ვარ დიდად იმედიანი.  აქამდეც, იმ კალენდრის ყოველ დღეს ეგრე მეგონა, მაგრამ მოკლედ არ იმუშავა რა ამ ჩემმა გეგმამ. 

ნეტა ვინ მოიგონა, გამოცდილება კარგი მასწავლებელიაო. 

მაგრამ მე რა ვიცი, იქნება მე ვარ ცუდი მოსწავლე. შეიძლება ეგრეც იყოს – ცხოვრებისეულ გაკვეთილებში დიდად მაღალი ქულები არ მაქვს. რას ვიზამთ, არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი. 

ჰოდა, ვწევარ და ამაზე ვფიქრობ,  ამაზე რა – გულზე – სად წავიდოდა ან როდის მოვა და უცბად მაგრად გავბრაზდი:

რამდენი გაზაფხულია უკვე, რამდენი გაზაფხულია, რაც წყნეთში ერთი სანაყინე არ გვეღირსა?!

უახლოესი არის ბაგებში, იქ კიდევ არც პარკინგი, არც არაფერი.

გაზაფხულია, გული დამეკარგა და სანაყინეც არ არის, რომ შევიდე, ავარჩიო ნებისმიერი ნაყინი, რომლის ფერიც იმ წუთში მომეწონება და ვიტირო ან რავი, რაღატო უნდა ვიტირო თუ ნაყინი მექნება, და ეს სიცარიელე გაქრეს?

ამაზე გავბრაზდი, ოღონდ დაწოლილი და უბედური კი არა – წამოვჯექი სწრაფი მოძრაობით, ჰმ უყურე შენ, როდესმე სანაყინე გვეღირსება ნეტა მეთქი?! –  ესე. 

ვიჯექი ასე ცოტა ხანი და უცბად ისე ძალიან მომინდა, ვაიმე ისე ძალიან მომინდა, მართლა ასეთი ქარაფშუტა, პრივილეგირებული ქალი ვყოფილიყავი, ვისაც ტაიმერი არ დაურეკავს, ათი წუთი თუ წამოწვება, გულის ძებნას დაიწყებს და მერე ნაყინზე მოეშლება ნერვები, რომ ლამის მართლა ამეტირა. 

მერე ამაზე გამეცინა, წამოვდექი და იმ ცარიელი ადგილის მაგივრად რაღაც ვიგრძენი. სუსტად, უენერგიოდ, ნერვებმოშლილად, მაგრამ რაღაც იყო და ნაყინიც აღარ მომინდა



Leave a comment

Blog at WordPress.com.