Short-Story.blog

Those stories are completely true…except for all of the parts that aren't


კვირის ჟურნალი. ოქტომბრის ბოლო. მზე და ნაკაწრები.

დილას ადგომა და გასვლა მაგრად მეზარებოდა. ანუ დღევანდელი დღე ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ყველა კარგი თავგადასავლის დღე იწყება – არანაირი მოლოდინით.

ახლა, ამას რომ ვწერ, ფეხის ტერფებს ვამოძრავებ რაღაც გაწელვის და გაგრილების მუღამით და ვგრძნობ, როგორ მეწვის წვივები, რაც მაგარია. თუმცა ვნახოთ ხვალ რა იქნება.
კარგი.
ჰოდა, გასვლა მეზარებოდა. რვა ხდებოდა უკვე. მაგდასთან ვიყავი შეთანხმებული, რომ ლისზე მარტო ავიდოდი, ველოსიპედით ვივლიდი და მერე, როცა გაიღვიძებდა, შემომიერთდებოდა. მარო სამოგზაუროდ წავიდა, დღეს მარტო ორნი ვართ.  აბა, ვნახოთ მაგდა როგორ გაიღვიძებს. რომელია ზედა ზღვარი, როცა შემიძლია დავურეკო და შევაფხიზლო? ათი? მაშინ გასვლას აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ცარიელი აღარ დამხვდება. მოკლედ, ბევრი აღარ მიწვალია – ყავა გავიკეთე, მოვწიე, გულის აჩქარებას ყურადღება არ მივაქციე, სწრაფად გადავივლე და გავედი.
ველოსიპედი რომ ვიქირავე, სამანქანო გზამდე დავჯექი, თუმცა ეგრევე ჩამოვხტი. რა თავზეხელაღებული განაცხადია!  დიდი ხანია, რაც პარკინგზე შემიძლია უკვე ველოსიპედზე ვიჯდე ისე, რომ არ დავიმტვრე და ახლა ბილიკზეც გადავყწვიტე? ჯერ ადრეა. პარკინგიდან კი ნამდვილად მარტივად გავყევი და ისე გამიხარდა. მუშაობს რა ეს ჩემი ‘Baby steps’ –  სულ ორ თვეში უსწორმასწორო გზაზეც გადავდივარ უკვე. ჰაჰა.

პირველივე წრეზე რომ წავედი, ნაცვლად ტბისა, მარჯვნივ ველოსიპედით გაკვალულ ბილიკებს დავუწყე თვალიერება. ცოტა ხანი ეგრე მივდიოდი და მერე უცბად გავჩერდი, მოდი, ვცადოთ, რა გამოვა მეთქი, ველოსიპედი გადავიყვანე. არც ისე ღრმად და დრამატულად, მაგრამ მაინც სწრაფი ჰაერის გამოშვებით ამოვისუნთქე და დავეშვი. საკუთარი სხეულის ხმა გავიგონე: დგდგდგდგდგდგ. ოუ, ხვალ ხელების და გულ-მკერდის არეც კი დაჭიმული მექნება – ეს ვიფიქრე, გავიცინე და ოდნავ შევანელე.
მიყვარს გამოუცდელი ადამიანები, არაარსებით რაღაცეებზე რო საქმიანად კონცენტრირდებიან, ჯერ რო არ იციან, წინ რა ელოდებათ.

ღობის მიჯნაზე არ გავჩერდი და კარგად დავიწროებულ ბილიკს გავუყევი. ეს მეორედ გავაკეთე უკვე – წინა კვირაში ვცადე და მაშინ ვიწვალე – სასაცილო ზიგზაგებით ვიარე და მალევე შევეშვი.
ახლა კარგად წავიდა და ღმერთო, როგორ გამიხარდა. ისეთი ბედნიერი სიცილით მივდიოდი, ისე თავისუფლად ვიყავი, საკუთარი თავის გვერდიდან შეხედვა, ნუ შეხედვა რა, წარმოდგენა შევძელი და მომეწონა.
პატარა დაღმართზე დავეშვი და ეგრევე ავვარდი მერე ზემოთ. მანდ გამიჭირდა, თან გზა უკვე პირდაპირ ღობეს, ეკალ-ბარდებს, იმ ჩემთვის უცნობ ყვითელ და წითელ ნაყოფიან ეკლიან ბუჩქს და ხეებს შორის გადის. პირველად რომ მომიწია გაჩერება და გადმოვვარდი, ღობის მავთულ-ხლართებს საკმაოდ ახლოდან შევხედე. იმას ნამდვილად აღარ ვდარდობდი, ფეხები რა დაკაწრული მქონდა.
– აქ მე თვალს არ დავკარგავ არააფრიით –  და  ცოტა მეტი ყურადღებით გავაგრძელე ისევ. მივდივარ და ვგრძნობ, რომ ყბა ოდნავ ქვემოთ მაქვს დაშვებული. ეს ჩემს მდგომარეობაში ძალიან არამომგებიანია – თუ წავიქცევი, პირველ რიგში ყბის ძვლები დამემტვრევა. თავის გატეხვის არ მეშინია ისე, როგორც ყბის ამოვარდნის, მით უმეტეს დამტვრევის და პირი მაგრად მოვკუმე – მთავარია ყბა შევინარჩუნო, მთავარია ყბა.

მაგრად დავიკაწრე, ეს უკვე გაუსაძლისია. ყველა ბუჩქი გადავთელე, ყველა ძროხის ყურადღება მივიქციე.
შევეშვი და უკან იმ გადაყვითლებულ ხეივანში ამოვბრუნდი. მშვენივრად წაიღო, ალბათ საკმარისია, ახლა ისევ გზაზე ვივლი.
ეს გზა განსაკუთრებით ლამაზია, ხალხიც კანტი-კუნტად დადის, თუმცა ბილიკზე დაბრუნება მინდა ისევ – მარჯვნივ ვიყურები. მოსახვევამდე ვერ გავურისკე, მაგრამ როგორც კი ხეივანი ისევ გამოჩნდა, ველოსიპედი გადავიყვანე და ხეებს შორის გამოვედი. აქ გზა დიდად გაკვალული არაა. უფრო სწორად, ქვემოთაც ჩანს ბილიკი და ზემოთაც. მოკლედ, შეთანხმებული და ერთი გზა არაა, ამიტომაც არ იქნება თვალსაჩინო. მე ზევით გავყევი.

– ოუ, ეს ცოტა ციცაბო დაღმართია. ნინო, იცოდე, აქ თუ წაიქცევი, ტვინს დაასხამ ბეტონზე, გრავიტაციის ძალა მარცხნივ გადაგძლევს და არა მარჯვივ.
ისე, იმ წუთში არ მიფიქრია და ყბა აღარ იყო ჩემი პრობლემა, პირდაპირ ტვინის შენარჩუნებაზე წავედი.
მაინც დავეშვი და ოპაა: ველოსიპედი მარჯვივ გადავარდა, ფეხებზე წამომედო.
– ვაა, ვიქცევი. მოიცა, ნამდვილად ვიქცევი. ბიჭო, მართლა ვიქცევი. აი, უკვე წავიქეცი.
რანაირად შენელებული კადრივით გადავვარდი, ან რანაირად დავეცი – პატარა ბავშვივით, მთელი ტანით წამოვკოტრიალდი. ისევ ნელა წამოვდექი, თან ხმამაღლა ვიცინი.
იცი რა, ნამდვილად არ დავცინოდი საკუთარ თავს, როგორც ამას ადრე ვიზამდი. სასაცილო იყო, ისე ნელა გადავვარდი და თან რამდენი ფიქრი მოვასწარი.
ჯერ ტვინი წამექცა და მერე სხეული. გაგიგია? მე არ გამიგია და ამაზე გამეცინა.
ისევ დავბრუნდი ველობილიკზე, აი იმაზე, ნამდვილზე, ბეტონდასხმულზე და ახლა ყოველგვარი ამბიციების გარეშე გავაგრძელე გზა.
პრინციპში ესეც ბუნებრივად ვქენი. არ წამოსულა ანდაზების და მსუბუქ ფილოსოფიური აზრების კასკადი, რო აი მწყერი როგორ ვერ ჯდება ხეზე, ან როგორ არ უნდა ვიყო ერთბაშად თავზეხელაღებული ან რამე.
გავაგრძელე. წავედი.

მოიცა, სულ რამდენი წრე დავარტყი. აა წრე ორი, ახლა მარშრუტს ვიხსენებდი და ავიჭერი.
მოკლედ, მეორე წრეზე იმ ვიწრო ბილიკზე უფრო ადრე გადავედი, უფრო პასუხისმგებლიანი ვიყავი, ნაკლები თვით-დაზიანება მივიყენე და უფრო მალე დავბრუნდი იმ ყვითელ ხეივანში. აქ ყველაფერი მშვიდად და ლამაზად.
გზადაგზა ფოტოებს ვიღებდი, ვიდეობსაც, ჩატს ვამოწმებდი, მარომ თუ გაიარა პასპორტ-კონტროლი, მაგდა როდის გაიღვიძებს ნეტა. არ გახდა ათი? გახდა ამასობაში და დავურეკე. გავაღვიძე და სანამ შემომიერთდება, კიდევ მაქვს დრო ალბათ ნახევარი საათი.
ახლა დიდად აღარ მინდა ეს სამთო ველოსიპედისტობა. ყველა კუნთი მტკივა, რაც მაქვს. მე მგონი ისინიც მტკივა, რაც არ მაქვს. ორივე ფეხი ისეთი დაკაწრული მაქვს და ისე მეწვის, ასე მგონია, მხოლოდ ორი ასე ვერ შემაწუხებს, იქნებ მეტი ფეხი მაქვს – ანუ შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ფიგურალურად.
რამდენი? ოთხი? ოთხისთვის კია ატანადი ტკივილი. კაი, ოთხი მაქვს.

შუაში გავედი და იქიდან მარჯვნივ, ტყის ნაწილისკენ წავედი. ამ ბილიკებზე არასდროს ვყოფილვარ არც ფეხით.
ისე, როგორი ადგილია ჩემთვის იცი ლისი?  აქ მე ბავშვობაში არ ვყოფილვარ, არც დღევანდელთან შედარებით ცოტა ახალგაზრდას გამიშლია პლედი და რამე დიდი სიხშირით არც ბავშვები ამომყავს. ჯერ ერთი, შორია ჩვენგან და ჩემი ყველა მისამართიდან ყოველთვის შორი იყო. მერე მეორეც და მესამეც რაღაც მიზეზები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის რამე ძველ მოგონებებთან დაკავშირებული ადგილი არ არის, აქაურობა შარშან ნოემბერში გახდა რუტინული შეკრების ადგილი თათიკოს წასვლის შემდეგ და ერთგვარ რიტუალად იქცა ეს წრე, ყავა და ჩვენ სამის ამბები. წრის მიღმა არ გადავდივართ ხოლმე. კვირაობით, როცა აქ ვიკრიბებით, ექვს კილომეტრში კვირის შეჯამებას ვასწრებთ, ყავაც კარგად მიდის და საკმარისად ვეწევი.
მეტი დრო არც ერთს არ გვაქვს, ამიტომ არ ვიცი როგორია პლედზე იწვე და ცაში იყურო, ან  ტბის საპირისპირო მხარეს ბილიკებს გაუყვე – აქ კილომეტრების ნიშნულები არაა და ასე არაპრაქტიკულადაც ვერ ვიბოდიალებთ.

ესე იგი, პირველად გავედი და ულამაზესია, ცოტა დისონანსსაც კი მიქმნის. ბილიკის ზემოთ, ჩემგან მარცხნივ, იფიქრებ, რომ ველური ტყეა და შესანიშნავი შემოდგომის პეიზაჟები ჩანს.
შუა ქალაქშია, ქვემოთ უკვე იმდენი ხალხი მოძრაობს და ეს ასეთი უკაცრიელია და მომნუსხველი. პრინციპში, ისე კი აღვწერე, თითქოს გავჩერდი და ეს მეტად გასაფრთხილებელი ყბა ჩამომივარდა, მაგრამ ეგრე არ იყო – აღმართზე ავდიოდი და სხვა გაჭირვება მქონდა.
– ნეტა ამ სიჩქარეებს ახლა სწორად ვიყენებ? ხო არ უნდა გადავრთო თუ ნორმალურია ასვლა ასე რომ მიჭირს? ვერ გადავრთავ რა ახლა. არ მაქვს ექსპერიმენტების თავი. იყოს, როგორც არის.

რამდენჯერ წავიქეცი? მხოლოდ ერთხელ? არა, მე მგონი ორჯერ. ოღონდ ისე აღარ, როგორც ზემოთ. ამჯერად უფრო მტკივნეული იყო, თუმცა ნაკლებ დამაზიანებელი, რადგან წონასწორობას შედარებით ვინარჩუნებდი და მთელი ტანით დაცემის მაგივრად ველოსიპედი ფეხში მხვდებოდა. უფრო ჩავიმუხლებოდი და წამოვხტებოდი ეგრევე. ერთ-ერთ ჯერზე ადგომისას ქვემოთ დავარდნილი ხუთ ლარიანი შევნიშნე. საწვიმრის ჯიბე მოვისინჯე და მე ამომვარდნია ნამდვილად. უყურე შენ. ელვა შესაკრავი ბოლომდე ავწიე და ქვედა პარკინგისკენ დავეშვი.

ამის მერე, სულ რამდენიმე წუთში, ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, როცა ველოსიპედი ჩავაბარე და მანქანაში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ გასაღები აღარ მქონდა.
ეს სხვა ისტორიაა. ჩემს ტვინში სხვანაირი ბმები აქვს, მაგალითად იმის, რომ პანიკური შეტევა არ დამწყებია, რაციონალურად აზროვნების უნარი რამდენიმე წამში დავიბრუნე, ველოსიპედი ისევ ვიქირავე და იგივე გზას გამოვყევი, რომ მომეძებნა. იგივე გზა ადვილი სათქმელია, ყველა ბილიკი მქონდა სხვადასხვა ტრაექტორიით შემოვლილი და სულ არ მომჩვენებია ძიების პროცესი მარტივად.
მაინც სხვა ამბავია, რადგან ჩატში კი ავზუილდი, ხალხო გასაღები დავკარგე მეთქი, მაგრამ სხეულში სიმშვიდე მქონდა – გამოსავალზე ვფიქრობდი. თან მქონდა რწმენა, რომ ვიპოვიდი. გადავრდნის ხმა არ გამიგია და აი პირველი წაქცევის დროს შეიძლებოდა ასე უხმაუროდ ამომვარდნოდა – ამაზე ვფიქრობდი. ვერ ვიტყვი, რომ პოვნაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მქონდა განცდა, რომ ჩემი მხედველობა ისეთი მახვილია, გონება ისეთი საღი და რამე, რომ ყველა გზასაც გავიხსენებდი და ამ ბალახებში ასეთ პატარა საგანსაც დავინახვდი – ოქეი, აქ შემოდის ეს დრამატიზმი. მჭირდებოდა ძვირფასო, უიმედოდ სიარულის არც ფიზიკური ძალა მქონდა და არც სურვილი. კვირა დღე წმინდა დღეა, ვერ ვიპოვიდი და ხელოსანს მოვძებნიდი. მოკლედ, ამ პრობლემას მოვაგვარებდი და ხასიათს არ გავიფუჭებდი.

ერთდროულად ორ ამბავს რატო ვყვები? ბოლო პუნქტამდე მინდა მივიდე და იმიტომ: მოკლედ, ვიპოვე. ნამდვილად იქ იყო ხეივნის ზემოთ დაღრმართზე. უბრალოდ ეგ ადგილი დამხვდა ისეთი სასაცილო. ხო იცი, დანაშაულის ადგილები რო არის ხოლმე კრიმინალურ ფილმებში შემოხაზული. აი, აშკარად რო განირჩევა იქ ან სისხლით ან რა ვიცი რამით, რო ვიღაც მოკვდა – ზუსტად ეგრე იყო ბალახი გვერდულად წაქცეული ადამიანის ფორმაზე გათელილი. ზემოდან რომ ვუყურებდი, ან სხვა ვინც შეხედავდა, ეგრევე მიხვდებოდა, რომ აქ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ფიქსირდებოდა სულ რამდენიმე წუთით ადრე.

გამიხარდა კი, ოღონდ აი თავდაჯერებული ადამიანის სიხარულით, რამე განსაკუთრებული რყევა არ მქონია.
უნდა მეპოვა და ვიპოვე.
ავიღე და წამოვედი.
მაგდას შევხვდი და საკმაოდ მრავალფეროვანი, კარგი განწყობის შემქმნელი გზა და დიალოგი გვქონდა.
ესე დავიმახსოვრე.
ჩვენი შეხვედრების შინაარსობრივ მხარეზე ჩანაწერებს არ ვაკეთებ. ჯერ შეიძლება დასათაურებები მჭირდება, რომ ჰქონდეს ამ თემებს. მერე ალბათ გავყვები.
მოკლედ.

საბოლოოდ, ლისიდან რომ ჩამოვედი მშვიდი და ძალიან დაღლილი ვიყავი ფიზიკურად. სახლში არ წავსულვარ, ახლაც იქ ვარ, სადაც გასულ კვირა დღეს. მომწონს ეს ადგილი. მომწონს გარშემო ხალხი თავისთვის ჩუმად და იშვიათ შემთხვევაში ხმადაბალი დიალოგებით რომ მუშაობს. ახლა ეგ ეტაპი მაქვს – მომწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ნელ-ნელა ამ ჩემს სამუშაო ადგილზე მზე გადმოვა და ესეც კარგ განწყობას მიქმნის.

მაგრამ აი გზაში რომ მოვდიოდი, ისე, რომ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია არც ერთხელ მანამდე, ისე, რომ ამაზე არც იმ წუთში ვფიქრობდი, უცბად მთელი აქამდე გასული 2023 წელი წამოვიდა გონებაში,  განსაკუთრებით პირველი ნახევარი და ცრემლები წამსკდა.
ძალიან ვიწვალე წელს, განსაკუთრებულად ძალიან. უამრავი ენერგია დავხარჯე და თითქმის იქამდე მივედი, რომ მისი აღდგენისთვის, ფუნქციონირებისა და მერე ცხოვრების გაგრძელებისთვის რესურსი აღარ მყოფნოდა. ასე მგონია, რომ უფსკრულში გადაჩეხვამდე ბეწვის ხიდზე გავიარე. ეს ბოლო აქამდეც ვიცოდი, მაგრამ იმდენად ვიყავი თვით-გადარჩენაზე ორიენტირებული, უკან არც ერთხელ არ მომიხედავს და ამხელა წვალების გამო საკუთარი თავი არ შემცოდებია. არ მქონდა ამის დრო.
მაგრამ ეს დრო, ეს აქტი თავის შებრალების, აუცილებელი იყო.
ცრემლებს სიმძიმის ის ნაწილი ჩამოყვა, რომელიც სადღაც კიდევ მქონდა დარჩენილი.
შეიძლება კიდევ მაქვს, ახლა ვერ ვგრძნობ, მაგრამ ესეც ვიცი – სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეგრძნება ჩანს ან არ ჩანს, ეს თითქოს ისეთი პროცესია, რომ გაფუჭებულ კანს ვიცვლი და იქიდან ისეთი რაღაცეები გამოჩნდება და ამოვა ხოლმე, რაც მანამდე არც მეგონა თუ იყო. შემაწუხებელი შეგრძნება არ არის, პირიქით – დიდი შვებაა ეს ცრემლები, ძველი სიმძიმის დანახვა და მოშორება.
ვიცი, ეს ემოცია საიდან გაჩნდა – დღევანდელმა დილამ, ამ აბსოლუტურად კონცენტრირებულმა ფიზიკურმა აქტივობამ გამოიტანა. ამას სხვა ვერაფერი იზამდა.
და ისეთი მადლიერი ვარ, ისეთი მშვიდი. ისე მომწონს საკუთარი თავი ასეთი.

აი, მზე მოადგა ამ ჩემს სამუშაო მაგიდას უკვე. მარცხენა ხელის თითებზე ვგრძნობ წვას და ესეც მომწონს.
მშია. წავალ ახლა რამეს ვიპოვი.







Leave a comment

Blog at WordPress.com.